თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დღეიდან იწყება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.
დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი – ერთი კილოგრამი, ფქვილი – ერთი კილოგრამი, შვრია – ერთი კილოგრამი, მაკარონი – ერთი კილოგრამი, ხილფაფა – ერთი ქილა, ზეთი – ერთი ლიტრი, კვერცხი – ექვსი ცალი, ჩაი – ერთი კოლოფი, ყველი – 0,5 კილოგრამი, რძე – ორი ლიტრი.
თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.