თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა. სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში მდებარე N160 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა.
ვირუსული ინფექციების საფრთხის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საინფორმაციო კამპანიით დაიწყო. ბაღის შესასვლელში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა აღსაზრდელების მშობლებს ვირუსების გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები. ინფორმაცია მოიცავს ვირუსებისგან მცირეწლოვანთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებსა და წესებს, ასევე რეკომენდაციებს აცრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში პერსონალი სამი იანვრიდან იმყოფება და შესაბამის სამზადისშია. ორი დღის წინ დასრულდა ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის, დესინსექციისა და დერატიზაციის, ასევე გენერალური დალაგების სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი პატარებისთვის დაგვეხვედრებინა სუფთა, სტერილური და მოწესრიგებული გარემო“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.