თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი გოგონას მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება კიდევ სამი თვით აუკრძალა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი გოგონას მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება კიდევ სამი თვით აუკრძალა. მსხვერპლის ადვოკატის ინფორმაციით, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ოჯახში შვილის სექსუალური ორიენტაციის გაგების შემდეგ დაიწყო. ლესბოსელი გოგო, რომელიც უკვე სრულწლოვანია და რამდენიმე თვეა თავშესაფარში ცხოვრობს, იძულებული გახდა მეორედ მიემართა სასამართლოსთვის.
სააპელაციო სასამართლოსგან ის საქალაქო სასამართლოს ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მშობლების მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე უარი ეთქვა. სააპელაციომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება ისევ არ ექნებათ, გოგონა კი თავშესაფარში დარჩენას კიდევ სამი თვით შეძლებს.
დღევანდელი პროცესი დახურული იყო და მას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მოწმის სახით, სასამართლომ მსხვერპლის მეგობარი გოგოც დაკითხა. ის თავადაც განიცდის ოჯახისგან ზეწოლას, თუმცა მუშაობის დაწყება და მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლო.
სააპელაციო სასამართლოში პირველ არხთან კომენტარი მხოლოდ მოსარჩელის ადვოკატმა გააკეთა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები მოეგებიან გონს, ითანამშრომლებენ ფსიქოლოგთან, სპეციალისტთან, რის შემდეგაც შეძლებენ მიიღონ ოჯახის წევრი, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება“, – აცხადებს ადვოკატი ნინო ბოლქვაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
„დღევანდელი დღის კარგი მხარე არის ის, რომ მოძალადე მხარე წამოვიდა მოლაპარაკებაზე. მიხვდნენ, რომ შეიძლება სამუდამოდ დაკარგონ შვილი და ამიტომ შეიძლება სამომავლოდ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს, თუ ოჯახის წევრები მიიღებენ შვილს ისეთს, როგორიც ის არის“, – აცხადებს ადვოკატი.