თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება

ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს მეორე სხდომას გამართავს, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

პროკურატურა და დაცვის მხარე კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას საკუთარ არგუმენტებზე და სასამართლოს მათი პოზიციების გაზიარებას სთხოვენ.

„ვინაიდან დაზარალებული არ არის მხარე და თავად ვერ წარმოადგენს პოზიციას, ამ შემთხვევაში მის ინტერესებს პროკურორი წარადგენს. იგი კიდევ ერთხელ მოითხოვს, როგორც პირველ ინსტანციაში, რომ პირი, რომელიც სრიალისას ზურგიდან შეეჯახა სალომე ტატიშვილს და აღნიშნული შეჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, სათანადოდ დაისაჯოს კანონის ფარგლებში და ის გამამართლებელი განაჩენი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სრულიად აბსურდულია და ამასთან საშიშ პრაქტიკას ამკვიდრებს ამ მიმართულებით, შეიცვალოს“, – აცხადებს სალომე ტატიშვილის ოჯახის ადვოკატი მერი დაუშვილი.

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურის ერთ-ერთ ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა.

გარდაცვლილის მშობლები ამტკიცებენ, რომ ლიპარტელიანი შეჯახებისას ნასვამი იყო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კი განაჩენში განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებები საკმარისი არ იყო.