თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გამამტყუნებელ განაჩენს ახლა მეორე ინსტანციის სასამართლო გადასინჯავს. მეორე ინსტანციაში დავობს ორივე მხარე.
დაცვის მხარე ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით თანხების გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა წარდგენილი ბრალდება თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა. მუხლის ხანდაზმულობის გამო კი მათ სასჯელი არ განესაზღვრათ. პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თავდაპირველად წარდგენილი ბრალდების დაბრუნებას ითხოვს.
თავის მხრივ, განაჩენს ასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
„კლანის მიერ კონტროლირებადი სასამართლოს მოლოდინი ყოველთვის ძალიან ცუდი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს გარემოებასთან, რომ ჩვენი პოლიტიკური დევნა გახდა მთელი დასავლური სამყაროს განხილვის საგანი. თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ იქნა წარმოდგენილი ჩემი, მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის მიმართ სასამართლო დევნა, როგორც პოლიტიკური დევნის გამოკვეთილი შემთხვევა. ამიტომ ერთადერთი სწორი გზა არის, გაუქმდეს ის აბსურდული გადაწყვეტილება, რომელიც დაუწერა „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლე არევაძეს – ე.წ. ხანდაზმულობის მუხლი, რაღაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სტრასბურგმა გააუქმა ანალოგიური გადაწყვეტილება და იქამდე რომ არ მივიდეს საქმე. სააპელაციომ უნდა გააუქმოს მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი 12 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე.