თბილისის რიგით მეოთხე „ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება
თბილისის რიგით მეოთხე „ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

თბილისის რიგით მეოთხე „ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს. ფესტივალი, რომელიც 2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა, წელს განსაკუთრებულ სეზონს აღნიშნავს.

თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს, „საქართველოს სინფონიეტას“ 2018 წელს 10 წელი შეუსრულდა.  9 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალი  იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება.  პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „საქართველოს სინფონიეტა 10“ (რეჟისორი – ნინო ახვლედიანი).

25 ნოემბერს, პირველად საქართველოში,  მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებით და უძველესი ინსტრუმენტით, პოზიტივ ორგანით აჟღერდება. შეასრულებენ : თბილისის გუნდი „ბაროკო“, „საქართველოს სინფონიეტა“. მათთან ერთად, ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები კი იქნებიან: მარიამ კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი), გივი გიგინეიშვილი (ბანი).

აღსანიშნავია, რომ უძველესი საკრავი  „პოზიტივ ორგანი“, ცნობილმა მეცენატმა, კლაუს ჰიპმა გამოუგზავნა და დროებით მფლობელობაში გადასცა „საქართველოს სინფონიეტას“. პირველად საქართველოში მას სწორედ „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ მოისმენენ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება სამეცნიერო, საგანმანათლებლო ლექციები და მასტერკლასები.

სხვადასხვა დროს ფესტივალს სტუმრობდნენ ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები, როგორებიც არიან: იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვები.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის” კონცერტები: 9 , 16 , 19 , 25 ნოემბერს გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ; ფესტივალის დასკვნითი საღამოები კი 1 , 2 , 3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში შედგება.