თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.
34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ და ვიდრე არ ჩაუტარდებათ ტესტი, არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალ არ განახლდება 112-ე ბაგა-ბაღშიც. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი თანამშრომლის ოჯახის წევრის მჭიდრო კონტაქტთან „კოვიდ-19“-ის შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.