თბილისში რამდენიმე ბაღში არდადეგები ვადაზე ადრე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბაგა-ბაღების სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი საბავშვო ბაღების შენობების დაგეგმილი რეაბილიტაციაა. კერძოდ, მათი მონაცემებით, პირველ ივნისს სააღმზრდელო პროცესი შეწყდება 100-ე ბაღში, 14 ივნისს კი არდადეგები დაიწყება 200-ე ბაღში. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ბაღების აღსაზრდელთა სხვა ფართებში გადანაწილება ვერ მოხერხდა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, როდის შეწყდება სააღმზრდელო პროცესი 170-ე, 144-ე და 150-ე ბაღებში. სამივე ბაღში საარჩევნო უბნებია განთავსებული და თუკი პარლამენტის შუალედური არჩევნები პირველივე ტურში, 19 მაისს დასრულდება, მაშინ სარემონტო სამუშაოები ივნისიდან დაიწყება და შესაბამისად, ამ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ივნისიდან შეწყდება. ხოლო თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო, სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომისთვის გადაიწევს და შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ, პირველ ივლისამდე გაგრძელდება (პირველი ივლისიდან, ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქში საზაფხულო ბაღები იმუშავებს), სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შემოდგომაზე დაიწყება, რამაც შესაძლოა ახალი სააღმზრდელო წლის დაწყების რამდენიმე კვირით გადავადება გამოიწვიოს.
ახალი სააღმზრდელო წლისთვის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს კიდევ სამ ბაღში – 126-ე, 55-ე და მე-4 ბაღებში, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა არდადეგების ვადაზე ადრე გამოცხადება საჭირო არ გახდა, რადგან ბავშვები სხვა ფართებში გადანაწილდნენ.
ცხრა ბაღს შორის, რომელთა რეაბილიტაცია ახალი სააღმზრდელო წლისთვისაა დაგეგმილი, ასევეა N2-ე ბაღი, თუმცა შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული და უცნობია, საჭირო გახდება თუ არა არდადეგების გამოცხადება ვადაზე ადრე, ანუ პირველ ივლისამდე.