თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ მიმდინარეობს
საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ 2016 წლის გამარჯვებულის, მარიამ მამადაშვილის სიმღერით „მზეო“ გაიხსნა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კონკურსის გახსნის ცერემონიაზე 16 ქვეყნის წარმომადგენელმა სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაწერილი ჰიმნი შეასრულა.
ევროვიზია 2017-ზე პირველ ნომრად კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ წარდგა.
ბოლო მონაწილე, რომელიც სცენაზე გამოვა, იტალიის კონკურსანტი მარია ისიდე ფიოერეა იქნება. ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძე კი ფინალში მეცხრე ნომრად გამოვა.
საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში იმართება და მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით „გულის ხმა“ წარდგება. კომპოზიციის ავტორია გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი – თემო საჯაია.
შოუს წამყვანები არიან ელენე კალანდაძე და ლიზი ჯაფარიძე.
კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. მაყურებელს 16 ქვეყნის მონაწილეებს შორის, მაქსიმუმ ხუთი ფავორიტის შერჩევა და მოწონება შეეძლება.
ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდა და სცენაზე 16-ივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება. ონლაინ ხმები კი კონკურსანტთა ანგარიშის დაფაზე ქულებად აისახება.
გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდება.
საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ იხილეთ ბმულზე.