თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ინოვაციების დანერგვისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს
„მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ — ამ სახელწოდებით თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც bp-ს სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (ctc) თანამშრომლობით განხორციელდება.
პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რომლებიც საშუალებას მისცემს, გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.
პროექტის წარდგენას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ.
ღონისძიებაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, bp-ისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
„თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის. ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ილიას მუზეუმის რეაბილიტაცია. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმების გაერთიანებამ bp-სგან აღნიშნული გრანტი მოიპოვა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოხმარდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
როგორც მერიაში აცხადებენ, 10-თვიანი სამუშაო პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს. ესენია: თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას მისცემს ლაბორატორიას, გააფართოოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია-რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს; ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ორენოვანი აუდიოგიდის სისტემის დანერგვა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისთვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს; თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციის, ასევე, ვიზიტორთა თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით, საინფორმაციო, საგანმანათლებლო ვიდეორგოლების დამზადება და მათი გავრცელების ხელშეწყობა.