თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, – ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დემონტაჟის ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი. მათი თქმით, მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყეს, თუმცა მერიას დემონტაჟის შესახებ არ გაუფრთხილებია. მოქალაქეები აცხადებენ, მშენებლობის დაწყების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შეიტანეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები თვითნებურად მაინც დაიწყეს. მათი განცხადებით, ტერიტორიას ისინი 30-40 წლის განმავლობაში უვლიდნენ და მიწის დაკანონება მოითხოვეს, თუმცა მერიამ მათ შესყიდვის უფლება არ მისცა.