თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - აგვისტოს ომი უდიდეს ტრაგედიასთან ერთად, გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს
თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - აგვისტოს ომი უდიდეს ტრაგედიასთან ერთად, გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.

სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო.

„ეს იყო ტრაგიკული თავისი შედეგებით, მასშტაბით და იარებით, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და რა თქმა უნდა, ვერც მოიშუშებს საქართველოს საბოლოო გამთლიანებამდე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის დაწყების შემდეგ, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გაჩნდა საკუთარ სამშობლოში დევნილთა ახალი ნაკადი, რომლებიც სახლებში დაბრუნებისა და აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ კარგავენ. ეს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ინახავს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანების ხსოვნა უკვდავყოთ. სწორედ ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, მინდა, ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ერთიანი, ეს გარდაუვალი რეალობაა. ამისკენ სწრაფვა რა თქმა უნდა, არ უნდა შევანელოთ. მტერი ძლიერია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების სურვილი უფრო ძლიერია. ჩვენი ერთიანობის რწმენას ნამდვილად ვერავინ და ვერაფერი შელახავს”, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.