თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა
თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მყოფებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა. მან ღონისძიებაზე დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ისრაელის ელჩი შაფთაი ცური, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებიან.
პირდაპირი ჩართვისას, გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიუაჰუს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ებრაელ ხალხს მშვიდობა უსურვა.
„მინდა, მივესალმო საქართველოს დიდ მეგობარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიუაჰუს და მივულოცო მას ხანუქას დღესასწაული, მინდა ვუსურვო ებრალ ხალხს მშვიდობა და რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ქართულ ებრაულ მეგობრობას კიდევ უფრო ნათელი მომავალი 26 საუკუნე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ხანუქას დღესასწაული 8 დღის განმავლობაში აღინიშნება. ყოველდღე სინაგოგასა და ებრაელი მორწმუნეების ოჯახში თითო სანთელი ინთება. სიმბოლურად, პირველ სანთელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო.
ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ანთებენ. ეს სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულად ითვლება.