თბილისის მოსახლეობის ნაწილს 23-24 აგვისტოს წყლის მიწოდება შეეზღუდება
ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
23 აგვისტოს, გლდანის მე-2 მიკრორაიონში კომპანია განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, 23 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 24 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის მე-7 მ/რ-ს N10-12 კორპუსებს, მე-5 მ/რ-ს N12-21 კორპუსებს და მე-6 მ/რ-ს. ხიზანიშვილის, ჯაბიძის, წყაროთ უბნის, ხევისპირის და ნანეიშვილის ქუჩებს. ხოლო, 24 აგვისტოს, ურდულები დამონტაჟდება ხიზანიშვილის ქუჩაზე, N108 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის მე-2 და მე-4 მიკრორაიონებს.