თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენებით დაიხურა
თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. დიზაინერმა კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც თავისი ინსპირაციის წყაროს, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია. ქეთი ჩხიკვაძის კოლექციაში ძირითად ნათელ ფერებთან ერთად წითელი და შავი ფერის ორმოცამდე ლუქი იყო წარმოდგენილი.
„არაჩვეულებრივად დასრულდა მე-18 სეზონი, ქეთიმ დაასრულა ესე ლამაზად და განსაკუთრებულად. ვფიქრობ, ყველა ჩვენება იყო ერთმანეთისგან გამორჩეული, ძალიან კარგი დიზაინერების სელექცია იყო ამ სეზონზე”, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ.
„საქართველოში თბილისის მოდის კვირეულის მესამე სეზონზე ვიმყოფები. აქ ძალიან კრეატიული დიზაინერები არიან. ჩვენ ბევრი მშვენიერი კოლექცია ვნახეთ. მომწონს ფერები, დეკორაცია, ატმოსფერო, განათება. ჩვენებები ნამდვილად ტალანტებით სავსე იყო. ძალიან კარგი მოდის კვირეულია, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები“, – აღნიშნა ჟურნალისტმა ფარუკ ჩეკოფმა.
თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი ქართული კულტურის ლეგენდის, ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით Style Icon-ით გაიხსნა. ოთხდღიანი პროგრამა ოცამდე ღონისძიებას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერების – ლაშა ჯოხაძის, „მიროს“-ს, „ტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რურუა“-ს და სხვების ჩვენებებს მოიცავდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით მოდის კვირეულს მყიდველების ჯგუფი ესწრებოდა, რამაც ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა მისცა, გაყიდვები საერთაშორისო პარტნიორებთან აწარმოონ და ქართული პროდუქტის პოტენციალი წარმოაჩინონ.
ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისთვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდა და მათ ღონისძიებაზე დასწრება ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეძლეს.