თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი გაიხსნა. ტრადიციულად, პირველი დღე ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს ეთმობა. გამონაკლისი არც წლევანდელი გახსნა იყო. ჩვენების ფარგლებში, მოდელებმა მსახიობ მედეა ჯაფარიძის სტილი მოირგეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში სამოსი კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან „ქეთო და კოტე“ წარმოადგინეს. ღონისძიება კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მოდის კვირეული უკვე მრავალი წელია ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
„ერთის მხრივ ეს არის საშუალება ქართველი დიზაინერებისთვის, საკუთარი შემოქმედება წარმოაჩინონ, უცხოელ კოლეგებთან გააზიარონ შემოქმედებითი გამოცდილება და მეორეს მხრივ, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე დადებითად მოქმედებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს.
კვირეულის ოთხდღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს.
გარდა ამისა, კვირეული ახალი ტალანტების აღმოჩენას განაგრძობს. სელექციის შედეგად შერჩეული ცხრა ახალბედა დიზაინერი, დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს წარდგება. გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.