„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე დედაქალაქის მერ კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.
„თბილისის მიკროავტობუსში“ განმარტავენ, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2011 წელს დაიწყეს და გეგმის მიხედვით, შვიდი წლის თავზე ავტოპარკი სრულად უნდა განახლებულიყო. თუმცა დავით ასანიძის თქმით, იმ პერიოდში დოლარის კურსი დაახლოებით, 1.65-ს შეადგენდა და მათი ბიზნეს გათვლაც ამ კურსზე იყო.
„თბილისის მიკროავტობუსის“ გენეალური დირექტორის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი 10 ან 20 პროცენტზე მეტად რომ არ შეცვლილიყო, 2018 წელს ყველა სამარშრუტო ტაქსი განახლდებოდა.
დავით ასანიძე ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც, მისივე განმარტებით, კომპანიას დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, ავტოპარკის განახლებას ხელი შეუშალა.
„თბილისის მიკროავტობუსის“გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ზარალზე მუშაობენ.
„2011 წლიდან ვოპერირებთ და 2031 წლამდე გვაქვს ლიცენზია. 2011 წელს, როდესაც საკონკურსო პირობებით მოვიპოვეთ ლიცენზია, ჩვენ „თბილისის მიკროავტობუსის“ პარკი მთლიანად განვაახლეთ. დაახლოებით, 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული და მაშინ გახსოვთ, დოლარის კურსი იყო დაახლოებით, 1.65. ჩვენი ბიზნეს გათვლა იყო ამ კურსზე და ჩადებული გვქონდა 10-20 პროცენტიანი ცვლილება. ამის შემდეგ ჩვენი კომპანიის იდეა იყო, რომ თუ დოლარის კურსი იმაზე მეტად შეიცვლებოდა, ეს აისახებოდა ტარიფში. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის კურსი რადიკალურად შეცვლილია, თუმცა არ ასახულა ტარიფში.
ამასთან, ჩვენ თავიდანვე დაახლოებით, 600 მიკროავტობუსით მეტი შევიძინეთ, ვიდრე ქალაქისთვის იყო საჭირო. მიკროავტობუსების შეძენამ, შემდეგ გაყიდვამ ისევ დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, დაახლოებით 15 მილიონ ლარზეა საუბარი, დღეისათვის ასტრონომიულ ციფრამდე მიაღწია კომპანიის ზარალმა.
კომპანიის ზარალი ამ წუთისთვის 115 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის აუდიტირებული, დადასტურებული ზარალი. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც ჩვენი კომპანიის მფლობელები ფარავენ დღემდე. შეიძლება, კითხვა გაგიჩნდეთ, რატომ მივიდა აქამდე. მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილება ასეთი მარტივი თემა არ არის. ჩვენ ყოველთვის ქალაქის ხელმძღვანელობასთან გვქონდა ამ საკითხზე საუბარი და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქში არსებობს, გათვლა გვქონდა მომავალზე, რომ ისე გაგვევლო ეს ყველაფერი, რომ მოსახლეობისთვის მძიმედ გადასატანი არ ყოფილიყო, არ გაძვირებულიყო მგზავრობა.
საქმე იმაშია, რომ სხვა გამოსავლის მონახვა დღეისათვის კომპანიამ ვერ შეძლო. ხედავთ, რომ ახალი ავტობუსები ჩამოვიდა ქალაქში, რამაც მგზავრები სერიოზულად მოგვაკლო, მანქანები ამორტიზირდა. ჩვენი წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი რომ არ შეცვლილიყო 10 ან 20 პროცენტზე მეტად, 2018 წელს ყველა სამარშრუტო ტაქსი გამოცვლილი უნდა ყოფილიყო.ჩვენ ასეთი გეგმა გვქონდა, რომ შვიდი წლის თავზე სრულიად უნდა განახლებულიყო ავტოპარკი. მაგრამ დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც ცალკე აღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მოგვაყენა, არ მოგვცა ამის საშუალება, ვერ განვაახლეთ. ამის გარდა, მოგეხსენებათ, რომ გაძვირდა საწვავი. საწვავი დახლოებით 100 პროცენტით გაძვირდა. ზოგადად, 2011 წლის ფასები და წლევანდელი ფასები რომ შევადაროთ, ყველაფერი არის თითქმის გაორმაგებული, გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა.
ავტობუსები არ გაძვირებულა, მაგრამ საქალაქო ტრანსპორტი არის სუბსიდირებაზე ქალაქის მერიის მხრიდან და დოტაციის თანხები, დარწმუნებული ვარ, რომ გაიზარდა. ჩვენ არავითარი დოტაცია არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მგზავრობიდან შემოსული ფულია. როდესაც ოპერირება დავიწყეთ, გათვლილი გვქონდა, რომ მძღოლს დაახლოებით 40 ლარი უნდა დარჩენოდა მთელი დღის განმავლობაში და ეს მაშინ ძალიან ნორმალურ ფასად ითვლებოდა. დღეს 40 ლარი ძალიან მცირე თანხაა. ავტობუსებშიც ხელფასები გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენთან. მძღოლები მასიურად მიდიან, ტოვებენ მიკროავტობუსებს, ე.წ კარგ ხაზებზეც კი ჭირს მძღოლების მონახვა“ ,- განაცხადა „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ.
„თბილისის მიკროავტობუსში“ პრობლემების არსებობას არ უარყოფენ. ასანიძის თქმით, მიკროავტობუსები მართლაც ამორტიზირდა, დაძველდა და გამოცვლას საჭიროებს. თუმცა, დავით ასანიძე განმარტავს, რომ პარკის განახლება მხოლოდ მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზეა შესაძლებელი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვხედავთ ამ სიტუაციას, რომ მანქანები ამორტიზირდა, დაძველდა, გამოცვლას მოითხოვს, მგზავრობა მიკროავტობუსებით უკვე არაკომფორტულია. არის პრობლემები გამონაბოლქვის შემთხვევაშიც, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა მიკროავტობუსს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდება, გავლილი აქვს ტექდათვალიერება. მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ შეიძლება, ტექნიკური დათვალიერება გაიაროს, შემდეგ ცუდი საწვავი ჩაისხას და ამის გამო ბოლავდეს. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან დიდი პასუხისმგელობით ვეკიდებით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ, რომ რაიმე სხვანაირი გამოსავალი მოვძებნოთ, მაგრამ თუ მოხერხდება მგზავრობის ფასზე ამ პრობლემების ასახვა, მაშინ, რა თქმა უნდა, კომპანია შეძლებს, მიკროავტობუსების გარაჟი სრულად განაახლოს. რა თქმა უნდა, შეძლებს, მომსახურება იმ დონეზე აიყვანოს, რომ ქალაქში არსებულ ახალ მიკროავტობუსებს არ ჩამოვრჩებოდეთ. შესაბამისად, ის პრობლემები, რაც დავუშვათ ზაფხულში კონდენცირებას შეეხება, ჰიგიენურ სისუფთავეს და გამონაბოლქვს, სრულად რომ მოგვარდეს, ერთადერთი გამოსავალი, სამწუხაროდ, არის ის, რომ აღნიშნული პრობლემა აისახოს მგზავრობის ფასში. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ ამ საკითხის გათვალისწინება მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ 2020 წლიდან ავტოპარკის განახლება. ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება დიდი რაოდენობით მანქანების შემოყვანა, რადგან მათ დამზადებასაც დრო უნდა, თუმცა რეალურ და ადეკვატურ ვადებში შევძლებთ, მთლიანად განახლებული გარაჟით მოვემსახუროთ მგზავრებს”-განაცხადა ასანიძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსების საკითხზე დედაქალაქის მთავრობის დევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, შეგნებულად იკავებდა თავს მიკროავტობუსებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, ვიდრე ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის კვლევის შედეგი არ გახდებოდა ცნობილი. მისივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში მიკროავტობუსების როლი, მათი არსებობა მნიშვნელოვანია. თუმცა, მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, სასწრაფოდ დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია კერძო კომპანიასთან, რომლის მფლობელობაშიც მიკროავტობუსებია. კალაძის განცხადებით, ორი კვირის ვადაში უნდა იყოს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება.