დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატება. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი შემადგენლობების დამატება პიკის საათებში მოცდის დროის შემცირებას ემსახურება.
„ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, მეტროში ცვლილებებს ვაპირებთ, რადგან პიკის საათებში ძალიან ბევრი მგზავრი გადაყავს, მათ 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ. ეს სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოდგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროს სამი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს. ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზეც დაემატება.
ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება, მოცდა შევამციროთ სამ წუთამდე.
მომდევნო წლების განმავლობაში, ახალი შემადგენლობების დამატებას ვგეგმავთ, ვაპირებთ ძველი ვაგონების მთლიან მოდერნიზაციას და გვსურს, მეტრო იყოს ერთ-ერთი კომფორტული გადაადგილების საშუალება მგზავრებისთვის. ზოგადად, ტრანსპორტის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2019 წლისთვის, არსებული პარკი, რომელიც არის მოძველებული და მძიმე მდგომარეობაში, მთლიანად განახლდება და ამას დაემატება მეტროს ვაგონების მოდერნიზება“, – განაცხადა კახა კალაძემ.