თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება.
„თებერვლის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზად არის. მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, თუმცა ჩვენ ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, იგივე მიდგომაა ავტობუსებთან დაკავშირებითაც და არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებულია.
კახა კალაძის განცხადებით, მაისის დასაწყისში თბილისში 90 ერთეული, მანის ტიპის ავტობუსი შემოვა, წლის ბოლოსთვის კი ავტობუსების არსებული პარკის სრულად განახლება იგეგმება.