თბილისის მერმა ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
თბილისის მერმა ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 47 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ბინები, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ალბათ, ამის ნებაც არ იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემების მოგვარება. ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.