თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის კანდიდატურა წარადგინა
თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის კანდიდატურა წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გულედანს ამ მიმართულებით მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ გულედანი მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო თანამდებობას თავს გაართმევს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალაქში წესრიგი დამკვიდრდეს.

„მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მინდა, წარმოგიდგინოთ კახაბერ გულედანის კანდიდატურა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. შემდეგ გადავიდა კერძო სექტორში. თუმცა, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის წარვადგინოთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მას ამ მიმართულებით მუშაობაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს მეტროლოგიის ცენტრში. ასევე იყო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობას ღირსეულად გაართმევს თავს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალაქში წესრიგი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.