თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს და იტალიის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ქართველები და იტალიელები ვგავართ ერთმანეთს ძალიან ბევრი რამით. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ დაახლოებით 4 მილიონამდე ვართ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გული, რომელიც გაჯერებულია სიყვარულით, სტუმარმასპინძლობით და სითბოთი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
იტალიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალს საუკუნეს ითვლის, უძველესი დროიდან მოდის და ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი თვითმყოფადობა ყველანაირი სირთულის მიუხედავად შეინარჩუნა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ იტალიის სახელმწიფო მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე. დღეს სრულდება ჩემი ვიზიტი საქართველოში, მე და ჩემს დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურობით, ბევრი შეხვედრა გვქონდა და ყველა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები,“- განაცხადა სერჯო მატარელამ.
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.