თბილისის მერმა გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 36 ოჯახს გადასცა.
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ.
„რამდენიმე წელია დედაქალაქში სოციალური პროგრამა – საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიმდინარეობს. დღეს გლდანის რაიონში 36 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა ის ფართები, სადაც ისინი ათეული წელია ცხოვრობენ. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ უკვე აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაუკავშირდით რაიონულ გამგეობებს, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 1 847 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდნენ.