თბილისის მერიისგან დაფინანსებული წარმატებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება
კიდევ უფრო გაფართოვდება პროგრამა, რომლითაც თბილისის მერია წარმატებული მაგისტრანტებისთვის სემესტრულ ფინანსურ წახალისებას გასცემს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში, სწავლობენ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები. გვინდა, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. კერძოდ, გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება. ამაჟამად წლიურად ფინანსდება 300 მაგისტრანტი და ცვლილებების შედეგად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინასნება იქნება შესაძლებელი, რაც ვფიქრoბ, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. იმ სტუდენტებს, რომლებსაც 100 პროცენტით აქვთ დაფინანსებული სწავლა, თანხა ჩაერიცხებათ პირად ანგარიშზე, აგრეთვე პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტეტბის ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური. სიახლეა ისიც, რომ ფინანსური წახალისება სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში თუ ადრე იბეგრებოდა, მომავალში მათ ექნებათ არჩევანი და უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში, სტიპენდია არ დაიბეგრება.
ეს გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, მაქსიმალურდ შევუწყობთ ხელს, გვექნება თანადგომა იმ ადამიანების, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა და არავის პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და მაქსიმალური თანადგომა იქნება“, – აღნიშნა კალაძემ.