თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, მის წინამორბედს, გიორგი ებანოიძეს კი მადლობა გადაუხადა.

„ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურში. ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. იცით ჩემი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, ურბანული თვალსაზრისით ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს და არ დავუშვათ ის კატასტროფა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი მთავრობის მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაუხვევს. ეს არის სწორი გზა, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებსა და პარკებში მშენებლობების განხორციელებას. ამის უამრავი მაგალითი გვქონდა. იყო ბევრი ისეთი ნებართვა გაცემული, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორ წილოსანი ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ერთიანი ძალისხმევით, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას მოვახერხებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოსტზე მის წინამორბედს, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გიორგი ებანოიძე მუშაობას „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.