35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონ “მარაკანაზე“, „თბილისის მერიის სუპერ თასის“ ფინალი გაიმართა, რომელიც თბილისის მერიის, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტია.
თბილისის მერიის სუპერთასის მოსაპოვებლად, ერთმანეთს თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულები, „სეუ“ და „ნახალოვკა“ დაუპირისპირდნენ. „ნაძალადევი“ მატჩის ბოლომდე 0:1-ს აგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა, მატჩის შემდეგ დანიშნული პენალტების სერია კი მეტოქეზე უკეთ შეასრულა (4:2) და თასის მფლობელი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თასი და სიმბოლური პრიზები გადაეცემა.
„წელს სამოყვარულო გუნდების ტურნირების მასშტაბი გაიზარდა და 300-ზე მეტი გუნდი და 8000-მდე მოყვარული ფეხბურთელი თამაშობდა. “მოყვარულთა თასი 2017-ის” გამარჯვებულის, ფოთის “ჭაბონამას” ბაზაზე ჩამოუყალიბდება საქართველოს მოყვარულთა ნაკრები, რომელიც 2018 წლიდან უეფას რეგიონთა თასზე ითამაშებს“ – განაცხადა პირველ არხთან სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ.