თბილისის მერიის მიერ სამშენებლო მიმართულებით სანქციების გამკაცრების შემდეგ, ჯარიმების რაოდენობამ ორი მილიონი ლარი შეადგინა
ბითაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ სამშენებლო მიმართულებით ჯარიმები გაამკაცრა, ჯარიმების რაოდენობამ ორი მილიონი ლარი შეადგინა, რითაც გამოჩნდა, რომ დარღვევები ძალიან ბევრია.
დედაქალაქში მტვერი იმდენად არის მომატებული, რომ ეს ყველაფერი უკვე ვიზუალურადაც ჩანს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემ ბავშვობაში, დედა მტვერს ერთხელ რომ გადაწმენდდა, საღამოს აღარ იყო გადასაწმენდი, დღეს კი, ამის გაკეთება დღეში სამჯერ გიწევს“, – განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, ამის გამომწვევ მიზეზთაგან მნიშვნელოვანია ქაოტური ურბანული განაშენიანება, სამშენებლო მასალების ყველანაირი ნორმების გარეშე დამუშავება და ტრანსპორტირება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კეთდება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ავტოპარკის განახლება, სწორი სამარშრუტო სქემები, სწორი ურბანული განაშენიანება, სამშენებლო მასალის სველი ხერხით დამუშავება და ა.შ, არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რამაც საბოლოო ჯამში, ეფექტი უნდა მოგვცეს.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ სამშენებლო მიმართულებით ჯარიმები გაამკაცრა, ჯარიმების რაოდენობამ ორი მილიონი ლარი შეადგინა, რითაც გამოჩნდა, რომ დარღვევები ძალიან ბევრია.
„ვნახოთ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგ რა რაოდენობის ჯარიმები იქნება. ვიმედოვნებ, ხშირი დაჯარიმება არ მოგვიწევს, მათ შორის, სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბითაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა მერია ქალაქის მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან ბენზინგასამართი სადგურების ქალაქგარეთ, დაუსახლებელ ტერიტორიებზე გადატანას, თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მარტივი საკითხი არ არის, რადგან ყველაფრის ერთიანად კომპენსაციას სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, მაგრამ არის პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებში პირველი ლაგუნას მიმდებარე ტერიტორია მოხვდა, სადაც გეგმის მიხედვით, ძალიან კარგი საჯარო სივრცე განთავსდება და იქედან ბენზინგასამართი სადგურების მონაცვლეობის შემთხვევაში, სატრანსპორტო მოძრაობას ბევრად კარგი ეფექტი ექნება იმ მხრივ, რომ საავარიო სიტუაციები არ შეიქმნება.
მისივე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ არც ერთი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე აღარ გაცემულა ნებართვა იქ, სადაც მათი განლაგება არ შეიძლება.