თბილისის მერიის ინიციატივით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა იწყება
თბილისის მერიის ინიციატივით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა იწყება

თბილისის მერიის ინიციატივით, იწყება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები თავადვე იქნებიან.

„პროგრამის მიზანია სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს, ხოლო თითოეული პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტების მიღება დაიწყება 6 სექტემბერს და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.