თბილისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა, სხვა პირებთან ერთად, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც უნდა აიღოს.
„ცხადია, ის, რაც მოხდა, უმძიმესი ტრაგედია, არ უნდა დასრულდეს ისე, რომ ვინმემ არ აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და ეს ვინმე არ შეიძლება, იყოს უბრალოდ რიგითი მუშა. მთელი მერია და კალაძის კანტორა კორუფციულ გარიგებებში, ტენდერებშია ჩაფლული. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აყენებს ხოლმე სამწუხაროდ ისეთ შედეგებს, რაც დადგა“, – განაცხადა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა ნიკა მოსიაშვილმა.
ამასთან, როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, მარიამ შუშანიამ განაცხადა, აქციაზე დაახლოებით 15-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მისივე თქმით, ეცდებიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა ყველა ის პირი დაისაჯოს, ვისაც ბრალი მიუძღვის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე.
„შევიკრიბეთ დღეს სხვადასხვა ჯგუფები. დაახლოებით 15-მდე ორგანიზაცია ვართ და მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ, პასუხისმგებლობა აიღონ, დაიწყონ გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვახსენდება სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოძიება, სადაც დამნაშავეები დაისაჯნენ, თუმცა ამჯერად მაქსიმალურად ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – განაცადა შუშანიამ.
ამასთან, თბილისის მერიასთან მობილიზებულია პოლიციაც.