„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისის მერიასთან მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, მერიისგან ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერებას ან ადგილმონაცვლეობას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება. მათი განცხადებით, უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.
„ინვესტორი აგრძელებს „ანას ბაღის“ ჩაბეტონების პროცესს. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი, რაც ამ დროის განმავლობაში იყო – ამ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ამ ტერიტორიაზე დიდი პარკის გაკეთება. ეს არის ჩვენთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი. ვაგრძელებთ ბრძოლას, თუნდაც, თბილისის მერის გადაყენება მოგვიწიოს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, შემდეგ გაასაჩივრა მშენებელმა კომპანიამ სააპელაციოში. მან კვლავ მისცა სამშენებლო კომპანიას მშენებლობის განახლების უფლება. ჩვენ ახლა რეალურად ვასაჩივრებთ ისევ სააპელაციოში. წრეზე გვატარებს სასამართლო სისტემა და სავარაუდოდ მოგვიწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ფხალაძემ.