„სიცოცხლე მშვენიერია“ ,- ამ სახელწოდებით თბილისის მერიასთან მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ აქცია გამართა.
მათი განცხადებით, გაჟღერდა მოსაზრება, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქალაქმა ახალი წელი არ უნდა აღნიშნოს.
მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ახალი წელი ეკუთვნით ბავშვებს და მთელი წლის მანძილზე მას უამრავი ბავშვი ელოდება.
ამასთან, შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ არავის აქვს უფლება, ბავშვები აცხოვროს სტრესში, რასაც უარყოფითი შედეგი მოაქვს.
„ჩვენ აქ გამოვედით ექსპრომტად, რადგან ვნახეთ, რაღაც ძალები გამოვიდნენ და „სიკვდილით სავსე ქალაქი“ უწოდეს თბილისს. მათ უნდოდათ ეთქვათ, არ ვიზეიმოთ ახალი წელი. რეალურად რა ხდება ქვეყანაში, ყველანი სტრესში ვართ მომხდარი ტრაგედიის გამო და ამ ტრაგედიებს კიდევ მიყვა სერია ტრაგედიებისა. ჩვენ გაუცნობიერებლად ვახდენთ ამ ყველაფრის პროპაგანდას, ამ ქვეყანაში სიკვდილის და სუიციდის პროპაგანდა არ შეიძლება. პირიქით, უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან და სტრესიდან, გადავერთოთ პოზიტივზე. ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული. აქ მოვიყვანეთ ბავშვები, რადგან მათ თავად თქვან, რომ მათ უნდათ ახალი წელი“,- განაცხადა მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ დამფუძნებელმა ლიკა გამრეკელმა.