თბილისის მერიაში ურბანული განვითარების სამსახური იქმნება
თბილისის მერიაში ურბანული განვითარების სამსახური იქმნება

თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება. ამის შესახებ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

სტრუქტურის ახალი მოდელის მიხედვით, ურბანული განვითარების მიმართულება არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებისგან გაიმიჯნება. არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისების განვითარებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ურბანული განვითარების სამსახური მოამზადებს თბილისის მთავრობისთვის თუ საკრებულოსთვის, იქნება კოორდინაციაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან და გარემოს დაცვის მიმართულებასთან. ეს იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპებზე მიღებული გადაწყვეტილებები იყოს იმთავითვე დამუშავებული და გააზრებული როგორც გარემოს დაცვის, ისე ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

აღნიშნული სამსახურების კოორდინაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერმაც.

„სამშენებლო ნებართვები როცა გაიცემოდა, ეკოლოგიის სამსახურს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ბოლოს, როდესაც გასცემდნენ ნებართვას, მერე მოვიდოდნენ და  ეკითხებოდნენ, აბა ნახეთ თქვენ რაიმე შენიშვნა ხომ არ გაქვთ. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ დედაქალაქში. შესაბამისად, როდესაც შემოვა წინადადება ნებართვის აღებასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან, პირველივე საათებიდან ჩართული იქნება კონკრეტულად ეს სამსახური, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი – კონკრეტული ქუჩები, სადაც უამრავი საცხოვრებელი სახლია აშენებული და ელემენტარულად გათვლილი არ არის, რამდენად გაუძლებს ეს ქუჩები ავტომანქანების მოძრაობას და ა.შ. ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და ყველა გაცემულ ნებართვაზე ეს საფრთხეები იქნება თავიდან არიდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს მერიის სტრუქტურული რეფორმა წარადგინეს, რომელიც რვა მიმართულებისგან შედგება. რეფორმის მიზანი მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.