თბილისის მერიაში სკოლის მოსწავლეებს დედაქალაქის ტრანსპორტის პრიორიტეტები გააცნეს
თბილისის მერიაში ქუთაისელი უფროსკლასელებისთვის 2019-2021 წლებში დაგეგმილი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეებთან შეხვედრა დედაქალაქის მერიისა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობის საფუძველზე შედგა, რომლის მიზანია მოზარდებისთვის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება და მგზავრის ინტერესებზე მორგება. უახლოეს მომავალში მერია უკვე შეძენილ 90 ერთეულ „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსს მიიღებს და ამავდროულად გამოცხადებულია ტენდერი 220 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე. გარდა იმისა, რომ ყველა ყვითელი ავტობუსი ახლებით ჩანაცვლდება, გათვალისწინებულია ავტობუსების პარკის მნიშვნელოვნად გაზრდა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამავდროულად, თბილისის მეტროპოლიტენს კიდევ დაემატება ახალი შემადგენლობები. რამდენიმე თვეში, მერია ფრანგული კომპანია „სისტრასგან“ თბილისის ახალ სამარშრუტო სქემასაც მიიღებს, რომლის საფუძველზე მოხდება ავტობუსების, მეტროპოლიტენისა და მიკროავტობუსების ერთმანეთთან სინქრონიზაცია.