თბილისის მერიაში მოქალაქეებს სპეციალური ჯგუფის წევრები შეხვდებიან 
თბილისის მერიაში მოქალაქეებს სპეციალური ჯგუფის წევრები შეხვდებიან 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევქმნათ სპეციალური პლატფორმა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული დედაქალაქის განვითარებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ​ყოველდღიურად დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით მერიაში უამრავი განცხადება შედის.

“ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, პირადად ჩემს ფეისბუქ გვერდზე უამრავი მოთხოვნაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება მერთან შეხვედრა. ბუნებრივია, მე არ მეყოფა დრო, რომ თითოეულ მათგანს შევხვდე და ამის გამო, არ მინდა ვინმე დამრჩეს განაწყენებული. მინდა, რომ სწორი ფორმა მიეცეს და მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია უფრო გამართული იყოს. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ განახორციელებს მოქალაქეების და შესაბამისად, მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან, დილით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შესაძლებელი იქნება შეხვედრების გამართვა.

“მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ თბილისის მერიის მიზანია, დედაქალაქის მცხოვრებლებთან მაქსიმალური კოორდინაცია. ზოგადად მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ის ახალი ინოვაციური პროგრამა, რომელზეც მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ ადამიანებს, ვისაც ექნებათ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ხედვები დედაქალაქთან დაკავშირებით, მათ პირდაპირ მერიაში მოუსვლელად ექნებათ შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია ან პროექტი მიაწოდონ მერიას. ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად კარგი იქნება კონკრეტული პროექტის განხორციელება. ზოგადად მოქალაქეების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.