თბილისის მერიაში დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი საკოორდინაციო შეხვედრა იმართება
თბილისის მერიაში დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი საკოორდინაციო შეხვედრა იმართება

თბილისის მთავრობა დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით პირველ საკოორდინაციო შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან მართავს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დოკუმენტი ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და დღეს ჩამოყალიბდებიან, თუ რა ფორმით მოხდება მომავალში თანამშრომლობა გენგეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

„გენგეგმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც უნდა დაფუძნდეს თბილისის განვითარება გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის გააზრება, ვიდრე მოხდება მისი მიღება მერიის მიერ. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ასევე მათი ექსპერტები, ადგილობრივი ექსპერტები, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.

დღეს ხდება პირველი საკოორდინაციო შეხვედრა მერიასა და ექსპერტებს შორის. შეხვედრას გენგეგმის ავტორები არ ესწრებიან, რადგან ეს არის ჩვენი შიდა საკოორდინაციო შეხვედრა. უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორი ფორმით ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და გარკვეულ პროცედურებზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიისა და გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები 12 იანვარს შეთანხმდნენ, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტს მერიას 45 დღის ვადაში წარუდგენს.