თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც მერიის დაფინანსებით იმყოფებიან სასტუმროებში, ადგილზე დარჩებიან
თბილისის მერია საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.
როგორც საქართველოს პირველ არხს მერიაში განუცხადეს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის ყველა მოქალაქე, ვინც თბილისის მერიის დაფინანსებით იმყოფება სასტუმროებში, ამ ეტაპზე რჩება ადგილზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეზე ემუქრება“.