თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პირველი თებერვლიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სააბონენტო გადახდის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ტექნიკურად ყველაფერი მზად არის. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, პირველ თებერვლამდე მოხდება ყვითელი მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებაც.
„დღეს დაწყებულია უკვე მეტროს სალაროებში აბონემენტების გაყიდვა. ხვალიდან იქნება შესაძლებელი ბარათების შეძენა „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში. რაც შეეხება მეტრომანებს, მეტრომანებით გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში დარჩება. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ისიც, რომ ბარათები როდესაც გააქტიურდება ანუ პირველი თებერვლისთვის დედაქალაქში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით, ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 მიკროავტობუსი უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასაშვებად. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა დამონტაჟდეს გადახდის სისტემები და სხვა დეტალები, რომლებიც საჭიროა სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის და თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი იქნება ქსელში. რაც შეეხება საბანკო ბარათებით გადახდას, ჯერჯერობით საბანკო ბარათებზე აბონემენტის ჩარიცხვა ვერ მოხდება, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საკითხი მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა.
დღეიდან მეტროსადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრესცენტრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების შეძენაა შესაძლებელი. პირველ თებერვლამდე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადახდის ახალ მოდელზე გადასვლისთვის მოემზადონ. სააბონემენტო სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შვიდი სახის სააბონემენტო ბარათიდან ერთ-ერთი აირჩიონ. სამივე ტრანსპორტით სარგებლობისთვის 90-წუთიანი ბარათის ღირებულება ერთი ლარია, ერთდღიანი – სამი ლარი, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი. ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება, ექვსთვიანი – 150 ლარი, ხოლო ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარია. ის პირები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი სტატუსის გამო შეღავათიანი ფასით სარგებლობდნენ, კვლავ ძველი პირობებით იმგზავრებენ.