თბილისის მერიამ საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც 871 მლნ 600 ათას ლარს შეადგენს
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 871 მლნ 600 ათას ლარს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს მიიღო.
„წარმოდგენილ პროექტში ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 871 მლნ 600 ათას ლარს. 2019 წლის ბიუჯეტი წლევანდელ მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 10 მლნ ლარით. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს, 2019 წლისთვის დაგეგმილია 850 მლნ 500 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, ქონების გადასახადის შემოსავალი 185 მლნ, ანუ ზრდა გვაქვს 25 მლნ ლარით ქონების გადასახადის ნაწილში, ხოლო დღგ-დან 473 მლნ 415 ლარი. საკანონმდებლო ცვლილებებმა განაპირობა გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემის ცვლილება და 2019 წლის პირველი იანვრიდან მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება ბიუჯეტში მობილიზებული დღგ-ის 19 პროცენტი, საიდანაც დედაქალაქს ერგო 50.1 პროცენტი დღგ-ს, რაც შეადგენს 473 მლნ 415 ათას ლარს“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს.
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა 105 მლნ 860 ათასი ლარი, აქაც გვაქვს გარკვეული კლება, 25 მილიონზეა საუბარი, თუმცა ეს განპირობებულია იმით, რომ მიმდინარე წელს ამ მუხლში გვქონდა ცენტრალური ბიუჯეტიდან გუდიაშვილისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის თანხები“, – განმარტა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიულ შენობებზე გათვალისწინებულია 174 მილიონი ლარი.
„ეს არის კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძი და ლოჭინის ხიდამდე საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისთვის 27 მლნ ლარი, სარაჯიშვილის გამზირზე გლდანულას ხიდის რეკონსტრუქციის – 4 მილიონი ლარი, უნივერსიტეტის ქუჩისა და თბილისის გზატკეცილის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა 8 მლნ ლარი, დაახლოებითი 10-მდე ხიდისა და ნაგებობების რეაბილიტაცია“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, მისივე თქმით, კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რისთვისაც თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 93 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რისთვისაც 6 მლნ ლარამდე დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა. კვლავ ვაგრძელებთ ჯანდაცვის კუთხით ისეთი პროგრამების დაფინანსებას, როგორიც არის ზურგის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ჩვენ წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პროგრამებს გავაგრძელებდით და შენარჩუნებულია ეს მიდგომა. ჯამში ამისთვის გათვალისწინებულია 191 მილიონი ლარი გაზრდილია, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2 მლნ ლარით. ასევე, პრიორიტეტულია განათლების მიმართულება, რაზეც 159 მილიონი ლარი დაიხარჯება. მომავალ წელს ჩვენს დედაქალაქს ექნება 10 ახალი ბაღი, რომელიც 36 მილიონი ლარით დაფინანსდება“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, მისი თქმით, იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები, რაც დაახლოებით 97 მლნ ლარს შეადგენს.
„აღნიშნული თანხიდან 13 მლნ ლარზე მეტი განკუთვნილია სესხის მომსახურებისთვის, ეს არის სესხი, რომელიც ავიღეთ ავტობუსების შესაძენად EBRD-სგან. აღნიშნული ხარჯის ზრდა სწორედ ამით არის განპირობებული“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მომავალ წელს ანაზღაურებაც ეზრდებათ.
„მნიშვნელოვანია, ითქვას რომ გარკვეული ზრდა გვაქვს ანაზღაურების მიმართულებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, არც მერს და არც მის მოადგილეებს, არც საკრებულოს დეპუტატებს, არც საქალაქო სამსახურის უფროსებს ერთი თეთრით არ ეზრდებათ შრომის ანაზღაურება. აქ საუბარია რიგით თანამშრომლებზე“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი მოცულობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ზარქუას თქმით, შესაძლოა, მას თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან კიდევ დაემატოს.
მისი თქმით, საკრებულო წარდგენილ პროექტს განიხილავს, შესაბამის კორექტირებებს შეიტანს და მერიას დაუბრუნებს. დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.