თბილისის მერიამ მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა ოჯახი დააკმაყოფილა
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა ოჯახი დაკმაყოფილდა.
ერთ-ერთ ოჯახს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაზისუბნის დასახლებაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.
ამ ეტაპზე, უსახლკაროს სტატუსი 400-მდე ოჯახს აქვს მინიჭებული. თბილისის მერიის ცნობით, მათგან დაახლოებით 60 ოჯახი წელსვე დაკმაყოფილდება.
საცხოვრებელი ფართები მათ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.
„ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, დაახლოებით 400-მდე ამ სტატუსის მატარებელი ოჯახი გვყავს. ჩვენი დაპირება არის ის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ყველა ოჯახი იყოს დაკმაყოფილებული მუნიციპალური საცხოვრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია ადამიანურად, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რვა ოჯახს გადაეცეს ბინები. ის სიხარული, ის ბედნიერება, რომელიც მათ აქვთ, რა თქმა უნდა, გასაზიარებელია და ძალიან მიხარია როგორც ქალაქის მერს“, – განაცხადა კალაძემ.