თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ პირებს მატერიალური დახმარება ჩაურიცხა
ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის მერიამ 9 მაისთან, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაუწია.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის 769-ე განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მთავრობამ განკარგულება 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.
დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის შეადგენს 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 300 ლარს.
ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.
საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 371 ადამიანი ცხოვრობს.