თბილისის მერიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა
თბილისის მერიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა. პრეზენტაციაზე წარადგინეს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა კულტურის სფეროში მოღვაწე 52 პირი და თბილისის 1 680 მცხოვრები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიყო სამი პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება; მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის ზრდა; კულტურის სფეროში დაფინანსების ახალი წესის შექმნა.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარეობს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლაში; რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლაში; ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში; ვიქტორ დოლიძის სახელობის N15 ხელოვნების სკოლაში; N21 ხელოვნების სკოლაში; გიორგი ცაბაძის სახელობის N25 ხელოვნების სკოლაში.
ამასთან, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლაში და ალექსი მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლაში. ამავე ტიპის სამუშაოები იგეგმება მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლაში და სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში.
„სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში; სოსო და კოტე წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში მოეწყო შიდა ინტერიერი, ჭერის ინოვაციური კონსტრუქცია და თანამედროვე კვლევითი სამუშაო სივრცე; სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმში. საანგარიშო პერიოდში ოთხმა თეატრმა 14 პრემიერა წარადგინა.
2019 წელს იგეგმება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2021 წელს დასრულდება.
მიმდინარე წელს გამოცხადდა კონკურსი სასახლის არქიტექტურული კომპლექსის კვლევა-პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებაზე. გამარჯვებული კომპანია – „ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები“ ეტაპობრივად წარმოადგენს სარეაბილიტაციო სამუშაოების საკვლევ-საპროექტო დოკუმენტაციას.
სასახლეში გასულ წელს დამონტაჟდა გათბობა-გაგრილებისა და ელექტრობის ახალი სისტემები, ასევე, შეიცვალა განათების სისტემა. 2018 წელს პროექტები დაფინანსდა სამი მიმართულებით: კულტურის ღონისძიებები; შემოქმედებითი თბილისი; ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა. თბილისის მერიის დაფინანსებით, 2018 წელს გაიმართა 47 ფესტივალი, დაიდგა 23 სპექტაკლი და შეიქმნა 26 გამოცემა.
გასულ წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, თბილისის მერიის ინიციატივით მომზადდა ცნობილ ფოტოგრაფ მარტინ პარის ფოტოალბომი თბილისის შესახებ. ხელოვანი თბილისში დედაქალაქის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. 2018 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა – TBILISI ART FAIR. ამავე წელს თბილისში, მერიის ხელშეწყობით, პირველი არქიტექტურული ბიენალე გაიმართა. ბიენალეს მთავარი თემა იყო „მხოლოდ შენობები არ კმარა“. ასევე, ჩატარდა თბილისის ახალი დრამის და გრაფიტის ფესტივალები.
თბილისში არსებული საფესტივალო სივრცეების განვითარება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომერციული მიზნით ფუნქციონირებს, რის გამო, ღონისძიების ორგანიზატორებს სოლიდური თანხის გადახდა უწევს მათ დასაქირავებლად. ამდენად, იგეგმება საფესტივალო პოლიტიკის გაუმჯობესება; ახალი საფესტივალო სივრცეების გაჩენა; თბილისის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კულტურის ტურიზმის ზრდის ხელშეწყობა.
იგეგმება თბილისის ისტორიული ცენტრის – მტკვრის ჭალის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად; ინოვაციურ პროექტ PUBLIC ART-ის და არქიტექტურული ინსტალაციის – „სიზმარი“ განხორციელება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება – ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ინსტალაციები, მხატვრობა და ქუჩის მხატვრობა.