თბილისის მერიამ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარებაზე დაიწყო მუშაობა
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიამ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.
გერმანულმა კომპანიამ „გოპა“ უკვე დაიწყო კვლევა გერმანიის სახელმწიფო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით. უცხოელი სპეციალისტების მიერ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში წარმოდგენილ პრეზენტაციას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე დაესწრო.
კვლევის მიზანია, ქალაქში არსებული ერთიანი სატრანსპორტო კომპიუტერიზებული, ე.წ „ჭკვიანი“ სისტემების შესწავლა და მათი თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. კვლევა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს 2020 წლის თებერვალში გადაეცემა.
თბილისის მერია 2020 წლიდან სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმის შექმნას გეგმავს. შუქნიშნების მართვის ცენტრთან დაკავშირებული „ჭკვიანი შუქნიშნების“ ქსელის, ტრანსპორტის აღმრიცხველი, გამონაბოლქვის დეტექტორებისა და ცვლადი საინფორმაციო ნიშნების ტაბლოების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ნაკადების მართვა, ავტობუსების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო სქემების ოპერატიულად კორექტირება.