700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, სატენდერო პირობების მიხედვით, 700 მიკროავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე ჩამოვა. საერთო ჯამში კი, თბილისის მოსახლეობას 1 000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება. გამოვაცხადეთ ტენდერი, რომლის მიხედვითაც, 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. აქედან 300 ერთეულს მუნიციპალიტეტი შეისყიდის იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. იცით, რომ 300 მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის თანხებით შეისყიდა. კომპანიას კი დავუწესეთ ვალდებულება, რომ იმ თანხას დაგვიბრუნებდა, რაც გადახდილი გვაქვს და მათი გამოცვლა ივნისისთვის უნდა მოხდეს. მიღებული თანხით, კიდევ 300 ერთეულს ვიყიდით. აქაც ის ვალდებულებაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ეს მიკროავტობუსები კომპანიამ ისევ იმ თანხად გამოისყიდოს. კომპანია დამატებით, 400 ერთეულს შეიძენს. საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობას 1 000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით დადგენილ საჭიროებებს სრულად შეესაბამება.
„იცით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დაახლოებით, 1 500-1 700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1 000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, ვამატებთ ახალ, რვამეტრიან ავტობუსებს და ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დასრულდება. დღეს გვაქვს კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან ძალიან დიდია მოცდის დრო. ამ ყველაფერს რეფორმის მეშვეობით შევცვლით. მთავარი პირობაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.