თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო.
ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა – ეს არის ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შექმნა მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. 466 ავტოფარეხის ნაცვლად, 34 ახალი სკვერი ჩვენი ქალაქის უბნებში – მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, ქალაქში დამატებით 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.