თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყესაშიშ ზონაში მდებარე კორპუსების პრობლემის მოგვარებას იწყებს
თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, აღნიშნული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს.
„ეს კონკრეტული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა. გენგეგმაშიც მითითებულია, რომ ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, უკვე გაიცა დავალება, რომ ხვალიდან, ჩვენი სამსახურებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. როგორც იცით, აქვე მდებარე შეშელიძის ქუჩაზეც ბევრი სავაჭრო ობიექტია განთავსებული და აქ დასაქმებულთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. გადაუდებლად, ხვალიდანვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, დაიწყება აუცილებელი გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც ჩატარდება სატრენაჟო და საექსკავაციო სამუშაოები. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები – ბექა მიქაუტაძე და ირაკლი ხელაძე.