ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, თბილისის მერია იწყებს ყოველთვიურ ფესტივალს – „თბი-ლისი“, რომელიც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს მოიცავს და მასობრივი სპორტის განვითარებას ემსახურება.
ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი მიმართულება და თბილისი მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს ფეხბურთელი, კალათბურთელი, მოჭიდავე და ა. შ, მაგრამ ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაეხმარება და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. პროექტი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება და აქ იქნება დასვენებისთვის, გართობისთვის და სპორტული აქტივობისთვის სასურველი გარემო, სადაც გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების გაიმართება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლისის ტბაზე ყოველ შაბათ დღეს, გაიმართება ღონისძიებები და ფესტივალი 28 აპრილს დაიწყება.
„ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდება და ეს მართლაც საინტერესო მიმართულებაა. ამასთან, ვავალებ სოფიო ხუნწარიას მაისიდან თბილისში შესაძლებელი იყოს სხვადასხვა აქტივობების მოწყობა. ალბათ კარგი იქნება, ჩვენი ქალაქი გამოვაცოცხლოთ. ყოველ შაბათ-კვირას ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ მიიყვანონ თავიანთი შვილები, შვილიშვილები კონკრეტულ ლოკაციებზე, უნდა იყოს შერჩეული ღია სივრცეები, ასევე დახურულ სივრცეებში შეიძლება სხვადასხვა კონცერტების მოწყობა, სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა. თუ შეიძლება მომავალი კვირისთვის დამუშავებული პროექტი იყოს წარმოდგენილი, სად იქნება ეს ლოკაციები, რომ ქალაქი გამოცოცხლდეს”, – განაცხადა კახი კალაძემ.