დედაქალაქის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბილისის მასშტაბით ჩატარებული ხიდების კვლევის საფუძველზე მიიღეს.
„2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ავარიულობის ხარისხი დადგინდა. მას შემდეგ, თბილისის მერია ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ეტაპობრივად აწარმოებს. ამჯერად, ვახუშტის ხიდის აღდგენას ვგეგმავთ. ტენდერს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეში გამოვაცხადებთ. ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით, 2 მილიონ 400 000 ლარი და ხუთი თვე დასჭირდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.