თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ მეტრო „რუსთაველის“ რეაბილიტაციისას ვეფხვის გამოსახულებები ასლებით ჩაანაცვლეს
თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ მეტრო „რუსთაველის“ რეაბილიტაციისას ვეფხვის გამოსახულებები ასლებით ჩაანაცვლეს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიია უარყოფს ინფორმაციას, რომ მეტრო „რუსთაველის“ რეაბილიტაციისას ვეფხვის გამოსახულებები ასლებით ჩაანაცვლეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით ჩამოხსნა. სამუშაოების დროს, გამოიცვალა დამცავი ბადე, ხოლო თავად ალუმინის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია გაიწმინდა და დაიფერა.

ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედნის ნახაზების მიხედვით ჩატარდა.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტილიზებული გამოსახულებები იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბრისას დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, ვეფხვის გამოსახულებები არ იყო სპილენძის.

„ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ცხაურები და ვეფხვის გამოსახულება სპილენძის იყო, რაც სწორი არ არის და ჩვენ შეგვიძლია, არქივიდან ამოღებული დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ, როგორი იყო ოდითგანვე გაკეთებული პროექტი. ეს ცხაურები შეკეთდა, გაიწმინდა, რადგან მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ისევ დაბრუნდა ადგილზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.