თბილისის მერია სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე მუშაობას იწყებს
თბილისის მერია აქტიურ მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წელს იწყება ახალი პროგრამა, რომელიც სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს და ელემენტარულად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილი. ამ მიმართულებით იქნება ჩვენი მხრიდან თანადგომა. პროგრამის ბიუჯეტი წელს 600 ათასი ლარია. თანადგომა ექნება სამბოს, კრივს, საცხენოსნო სპორტს, სროლას, ჭიდაობას, ჩოგბურთს, ფრენბურთს. სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, 320 ათას ლარს შეადგენს. თუმცა მთლიანი ბიუჯეტი 600 ათასი ლარია. ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბების და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებასა და მასობრივი სპორტის განვითარებას. ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით”, – განაცხდა კალაძემ.