თბილისის მერია - სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს
თბილისის მერია - სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს

სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერიის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს. რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, ბაღების საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა ჩატარდა გასული წლის 17-28 ნოემბრის პერიოდში, ორივე ტენდერი კი (მტკვრის მარცხენა სანაპირო და მარჯვენა სანაპიროები) გამოცხადდა ამავე წლის 30 ნოემბერს. სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას, ორივე ტენდერი გასაჩივრდა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც გარკვეულ პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული.

იმის გამო, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს იწყება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდულია საკვები პროდუქტების მიწოდება 29 თებერვლის ჩათვლით. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი ტენდერი არ ჩავარდნილა. სატენდერო პროცედურები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებულია ბაზრის კვლევა და ხელშეკრულებები გაფორმებულია უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან. ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება, აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა კი, მათ შორის, პანდემიის პირობებში, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით თუ ეს პატარებს ეხება, გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.